საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქეთევან შუბითიძე სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრა საქართველოს ბანკის ორგანიზებით გაიმართა, სადაც განიხილეს სამშენებლო სექტორში არსებული ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური და პრაქტიკული მექანიზმები.
პანელური დისკუსიის ფარგლებში ვახუშტი ბაგრატიონმა და ქეთევან შუბითიძემ ისაუბრეს ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების ხედვაზე, მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის სატენდერო მოთხოვნებზე.
ვახუშტი ბაგრატიონმა სამინისტროს მიმდინარე რეფორმებსა და დაგეგმილ ინიციატივებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ადგილობრივი ბიზნესის აქტიური მონაწილეობა, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება და ისეთი სისტემის განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან, დროულ და მდგრად ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, თანამედროვე სტანდარტებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმების დანერგვაზე, ასევე სამშენებლო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება და ესაუბრათ სექტორისთვის მნიშვნელოვან საჭიროებებსა და გამოწვევებზე.